43730/07-judgments-chamber-2014-09-09-15
CASE OF GAJTANI v. SWITZERLAND - [Georgian Translation] legal summary by the Supreme Court of Georgia
9 settembre 2014Inglese (+ 3 altre lingue)4 min
დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Source coe.int
Facts
დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე No. 177
აგვისტო-სექტემბერი 2014
გაჯტანი შვეიცარიის წინააღმდეგ (Gajtani v. Switzerland) - 43730/07
გადაწყვეტილება 9.9.2014 [II სექცია]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
ჰააგის კონვენციის მიხედვით მშობლისთვის შვილის დაბრუნების თაობაზე სამართალწარმოებაში, 11 წლის ბავშვის მოსაზრება მხედველობაში არ მიიღეს: არ არის დარღვევა
Considerations
ფაქტები – მომჩივანი, რომელიც კოსოვოს რესპუბლიკიდან გახლდათ*, თავის ორ შვილთან და მათ მამასთან ერთად ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში ცხოვრობდა. 2005 წლის ნოემბერში მომჩივანი და მისი შვილების მამა განქორწინდნენ; მომჩივანი ბავშვებთან ერთად კოსოვოში დაბრუნდა, თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად. იქ ის იტალიელ მოქალაქეზე დაქორწინდა და მასთან ერთად საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. 2006 წელს ბავშვების მამამ სცადა ბავშვები ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში დაებრუნებინა. 2006 წლის დეკემბერში აღნიშნული სახელმწიფოს ორგანოებმა მას ბავშვების ერთპიროვნული მეურვეობა მიაკუთვნა. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც მშობლები, ასევე უფროსი ვაჟი, რომელიც მაშინ თერთმეტი წლის იყო, შვეიცარიის ხელისუფლების ორგანოებმა გამოკითხეს. 2007 წლის მარტში შვეიცარიაში არსებულმა სამეთვალყურეო ორგანომ მამის განცხადება ბავშვების დაბრუნების თაობაზე არ დააკმაყოფილა, კერძოდ, იმიტომ, რომ უფროსი ვაჟი დაჟინებით ეწინააღმდეგებოდა მამასთან საცხოვრებლად დაბრუნებას; ბავშვმა მამასთან შეხვედრაზეც კი უარი განაცხადა. 2007 წლის ივნისში ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილება შეცვალა შვეიცარიის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ ვაჟი ჯერ არ იყო იმ ასაკის, რომ მამასთან დაბრუნების შესახებ მისი კატეგორიული უარი მხედველობაში მიეღოთ. 2007 წლის ოქტომბერში პოლიციამ ჩამოართვა დედას ბავშვები და ისინი დედის გარეშე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში დააბრუნეს.
სამართალი – მუხლი 8: განხორციელდა ჩარევა მომჩივნის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. ჩარევა ეფუძნებოდა ჰააგის კონვენციას** და ემსახურებოდა ბავშვებისა და მათი მამის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. ერთადერთი განსახილველი საკითხი მოცემულ საქმეში იყო ის, თუ რამდენად საკმარისად გაითვალისწინეს უფლებამოსილმა ორგანოებმა ბავშვების შეხედულებები.
სააპელაციო სასამართლომ მომჩივნის ვაჟის მიერ გაკეთებული განცხადებების ყურადღებით შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ის ჯერ არ იყო იმ ასაკის, რომ დაბრუნების შესახებ მისი კატეგორიული უარი გათვალისწინებული ყოფილიყო. მან დაადგინა, რომ ვაჟის ქცევა არ მიუთითებდა ასაკობრივი განვითარების საკმარის ხარისხზე იმისათვის, რომ მისი პოზიცია საკმარისად დამოუკიდებლად ჩაეთვალათ. ვაჟმა გამოხატა თავისი სურვილი, რომ დედას არ დაკისრებოდა რაიმე პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, მათი მოტაცების გამო. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვი წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის მიმართ გამოევლინა ლოიალურობა; მას შეიძლება მამასთან ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში დედისგან ჩამოშორების ეშინოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მომჩივნის შვილის განცხადებები არ შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო ბავშვის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისას, არ იყო საფუძველს მოკლებული. სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ბავშვთან გასაუბრების საფუძველზე მიიღო, გადაწყვეტილების მიღების დეტალური მიზეზები წარმოადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ხელისუფლების ორგანოებს ამ სფეროში შეფასების ფართო ზღვარი ჰქონდათ მიკუთვნებული და საკითხის შესაფასებლად უფრო კარგ პოზიციაში იმყოფებოდნენ, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სააპელაციო სასამართლოსთვის გონივრული იყო, მიეღო გადაწყვეტილება, რომ ვაჟის ხელახალი დაკითხვა არც საჭირო იყო და არც სათანადო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ასეთ გამოკითხვებს ბავშვზე შეიძლება ტრამვული გავლენა ჰქონოდა. გარდა ამისა, აღნიშნულს შეიძლება სამართალწარმოების გაჭიანურება გამოეწვია.
წყვილის ქალიშვილი, რომელიც იმ დროს ხუთი წლის იყო, აღმოჩნდა, რომ არ გამოკითხეს. მომჩივანი არ ამტკიცებდა, რომ მან მოითხოვა ქალიშვილის გამოკითხვა და მას აღნიშნული მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. მომჩივანი, ასევე, არ აცხადებდა, რომ გამოკითხვა აუცილებელი იყო, რათა შეეფასებინათ, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა ჰააგის კონვენციაში მოცემული ბავშვის დაბრუნების გამომრიცხველი რომელიმე გარემოება. გარდა ამისა, ჰააგის კონვენცია ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს ბავშვის გამოკითხვის ვალდებულებას არ აკისრებს.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ იქნება გაკრიტიკებული იმის გამო, რომ არ გაითვალისწინა მომჩივნის ვაჟის მიერ დაბრუნების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ამრიგად, ეროვნული კაონმდებლობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღების პროცესმა დააკმაყოფილა მე-8 მუხლით დადგენილი პროცედურული მოთხოვნები.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ, ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას, ვინაიდან სასამართლო არ იყო სათანადოდ ხელმისაწვდომი.
მუხლი 41: 5,000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის; მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
* კოსოვოს ყოველგვარი ხსენება, იქნება ეს ტერიტორია, ინსტიტუციები თუ მოსახლეობა, აღქმული უნდა იქნეს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციასთან სრულ შესაბამისობაში და კოსოვოს სტატუსისთვის ზიანის მიუყენებლად.
** 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes